ქალწული

შესავალი

ოჯახში დაბადებული არაერთი ქართული ღვინო იმსახურებს საგანგებო შეკაზმულობასა და საყოველთაო წარდგენას. ამ სიის პირველადგილოსანი, ჩემთვის, ღვინო „ქალწულია“. მისი შემქმნელია ბაბუაჩემი — ოთარ დვალი.

  • წელი

    2020

  • როლი

    სრული

პროექტის ნახვა

მოკლე ისტორია

ბაბუას საქმიანობა სოფლის მეურნეობასა და ღვინის წარმოებაში უკვე არაერთ ათწლეულს მოითვლის. მიუხედავად ამისა, „ქალწული“ თავისი ახალგაზრდობით გამოირჩევა და მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება. ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხში დაბადებული ამ ღვინის გენეტიკაში, ქართული საფერავის გარდა, ბულგარული ჯიშის ყურძენსაც აღმოაჩენთ — ისინი თითქმის თანაბარი რაოდენობით იღებენ მონაწილეობას „ქალწულის“ შექმნის პროცესში.

(ვრცელი ისტორიის მოსმენა შეგიძლიათ ინტერვიუში).

სახელი

ქვევრში რომ ყურძენი ადამიანის ჩარევის გარეშე, ზუსტი ქრონოლოგიით განიცდის ღვინის ფორმირებისთვის საჭირო ქიმიურ პროცესებს, ჩემთვის დღემდე მისტიკურ მოვლენად რჩება. თუმცა, ბაბუას თქმით, ზოგი ვერ უძლებს ამ ნატურალურ პროცესებში ჩარევის ცდუნებას, რაც ღვინოს მთავარ ღირსებას — ბუნებრიობას აკარგვინებს. ამგვარად, სახელი „ქალწული“ არა მხოლოდ ბაბუას შემოქმედებით გადაწყვეტილებას, არამედ ღვინის ხელშეუხებლობისა და უმანკოების სიმბოლოს წარმოადგენს.

ილუსტრაცია

რადგან ბაბუას შერქმეული სახელი „ქალწული“ ღვინის გაპიროვნებაა, ვისურვე ეს იდეა ვიზუალშიც ამესახა და მისგან პერსონაჟი შემექმნა. შთაგონების მთავარი წყარო ბერძნული მითოლოგია, კერძოდ კი ნიმფები გახდა. „ქალწულიც“, ნიმფების მსგავსად, განუცალკევებელი უნდა ყოფილიყო თავისი სამყოფელისგან — სწორედ ამიტომაა იგი ქვევრის ფორმაში წარმოდგენილი.

ტიპოგრაფია

ქალწულისთვის შერჩეული შრიფტის სახელია „ლაზი“ (ავტორი: ზურაბ მიმინოშვილი).
მისი ვაზივით ხვეული აქცენტები „ქალწულის“ ეტიკეტისთვის ზედგამოჭრილი აღმოჩნდა. ხასიათის შესამატებლად, მცირე ცვლილებები შევიტანე ტერმინალებსა და ორნამენტულ ელემენტებში, სიტყვაც ორ ნაწილად გავყავი და საბოლოოდ ასეთი წარწერა მივიღე…

ეტიკეტის დიზაინი

„ქალწულის“ ეტიკეტზე ბრტყელი დიზაინის დატანას გვერდი შეგნებულად ავუარე და ილუსტრაცია Halftone-ის პრინციპით წარმოვადგინე. შედეგად მიღებულ რელიეფს, ჩემი აზრით, თვალიც და ხელიც ერთნაირი სიამოვნებით შეიგრძნობს. წარწერებზე კი კლასიკას ვერ ვუღალატე და ოქროსფრად დავიტანე ეტიკეტზე.

სცენის დიზაინი

ნატურმორტად გაწყობილი სცენა კიცხისათვის დამახასიათებელ მეტაფორებს აერთიანებს:
ქოთნის ხე (ბონსაი) სოფლის ყველაზე ხნიერ მკვიდრს — ცაცხვის ხეს განასახიერებს, თავისი სტუმართმოყვარე (და ზოგჯერაც ონავარი) საქანელით. მაგიდაზე ფიალებიც დევს, ცაცხვებისაკენ მიმავალ გზაზე, მორაკრაკე წყაროს საწყაულად. ბოთლის გარშემო კი მარგალიტებია მიმობნეული, როგორც კიცხის ეზოებში — სიმინდი…

Before After
Before After
დამიკავშირდით

მზად ხართ სასაუბროდ?

Back