როგორ

ჩემი პასუხია პროცესი.

ჩემი პროცესი მოქნილი და ცვალებადია როგორც დიდი, ასევე შედარებით მცირე მასშტაბის პროექტებისთვის.

ყველა პროექტი ინდივიდუალურია. შესაბამისად, სამუშაო პროცესი, ბიუჯეტი და ვადები განისაზღვრება გასაუბრებისას.
(მაგალითად: სრული პაკეტი თუ მხოლოდ ლოგოს დიზაინი? ბრენდინგი თუ რებრენდინგი?)

ქვემოთ იხილავთ ჩემი სამუშაო პროცესის სრულ პალიტრას, ანუ როცა ყველაფერი იწყება ნულიდან.

01. კვლევა

01. დიაგნოსტიკა

კრეატიულ საქმიანობასა და მედიცინას ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსება ახასიათებს, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი პროფესიონალი უგულვებელყოფს: მკურნალობის დაწყება დიაგნოსტიკის გარეშე დაუშვებელია! იმისათვის, რომ „კრეატიული რეცეპტი“ ეფექტური იყოს, პირველ რიგში საჭიროა ძირითადი გამოწვევების გამოვლენა და კლიენტთან ერთად, სამუშაო პროცესის საერთო ფურცლიდან დაწყება.

02. ბაზრის კვლევა

თუ ფიქრობთ, რომ ბაზარი არის შეუპოვარი და უმოწყალო ადგილი, სადაც ჯუნგლების კანონი მოქმედებს, თქვენ არ შემცდარხართ. ბაზარი არასდროს გვაპატიებს ისეთი პროდუქტის არსებობას, რომელიც არავის სჭირდება. შესაბამისად, საწყის ფაზაში ბაზრისა და მასში უკვე არსებული კომპანიების გამოკვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

03. მომხმარებლები

ბაზრის შემდეგ ვკონცენტრირდებით მომხმარებელზე და განვიხილავთ, რამდენად აკმაყოფილებს არსებული ბაზარი მომხმარებლის სურვილებს. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები არის საჩუქარი, რომელიც ბაზარმა ბიზნესის სამყაროს კართან დაგვიტოვა.

04. შეჯამება

ამ მოდულის შემაჯამებელ ეტაპზე ვაანალიზებთ იმ სასარგებლო გაკვეთილებს, რომელიც კვლევაში დაგროვებულმა ინფორმაციამ გვასწავლა. კვლევიდან გამოტანილი დასკვნები მკაფიო მიმართულებას დაუსახავს შემდეგი ეტაპების განვითარებას.

02. სტრატეგია

05. ბიზნეს მოდელი

ბიზნესის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნაა. ჩემთან ერთად შემუშავებული ბიზნეს მოდელი კი ნათლად გვიჩვენებს, რა გზებით ქმნის, აწვდის და იღებს ღირებულებას კომპანია. მისი მოქნილი აგებულება იძლევა გრძელვადიან პერიოდში განახლებისა და განვითარების საშუალებას.

06. ბრენდის იდეალები

ბრენდის იდეალები ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენ წერტილს წარმოადგენენ ბრენდის მშენებლობის პროცესში. იგი აერთიანებს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: ხედვა, მიზანი, პოზიციონირება, ღირებულებები, სტილი... სწორედ ბრენდის იდეალები თამაშობენ მთავარ როლს ბრენდის მიმართულების, კომუნიკაციისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

07. ბრენდის ნარატივი

წარმოიდგინეთ, ადამიანები ყოველდღე რამდენ ასოს ვწერთ თუ ვკითხულობთ, რამდენ სიტყვას ვამბობთ თუ ვიგებთ, რამდენ გამოსახულებას ვქმნით თუ ვუყურებთ, რამდენ მელოდიას ვაჟღერებთ თუ ვუსმენთ. თხრობა ჩვენი სულიერი საზრდოა, ჩვენ ყოველთვის ვქმნით ან ვეძებთ ისტორიებს. ბრენდის ნარატივი კი კარს უხსნის შესაძლებლობას, რომ კომპანიამ საზოგადოება აქციოს ბრენდის იდეალებით შექმნილი თავგადასავლის ნაწილად.

08. კრეატიული რეზიუმე

კრეატიული რეზიუმე, ფაქტობრივად, არის საგზური სტრატეგიიდან და დიზაინის საფეხურისკენ. მასში თავმოყრილია სტრატეგიული მასალა, რომელიც გვისახავს დანიშნულების ადგილს და გვაძლევს მიმართულებას დიზაინის პროცესში.

03. დიზაინი

09. ვიზუალური სტრატეგია

დიზაინერის მთავარი საქმე ფიქრების გამოსახულებებად გადაქცევაა.
თუმცა, ზოგჯერ დიზაინერის ხედვა არ ემთხვევა კლიენტის წარმოდგენებს. მსგავსი გაუგებრობისა და დაუსრულებელი ცვლილებების თავიდან ასარიდებლად, დერბის დიზაინის მოდული იწყება ვიზუალური მიმართულების დასახვით. ეს არის მიდგომა, რომლითაც დასრულებულ შედეგს არა თუ ვვარაუდობთ, არამედ მასზე უკვე ცხადი წარმოდგენა გვაქვს.

10. იდენტობის დიზაინი

ამ საფეხურზე იწყება ბრენდის ვიზუალიზაციის პროცესი და იქმნება ყველა საჭირო დიზაინ-ელემენტი, როგორიცაა: ლოგო, ფერების პალიტრა, ტიპოგრაფია, პატერნი, შეფუთვა, სავიზიტო ბარათები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, შეცდომით, ამ კონკრეტულ საფეხურს უწოდებენ ხოლმე ბრენდინგს. თუმცა, როგორც ხედავთ, მას ბრენდინგის პროცესში განსაზღვრული ადგილი უჭირავს.

11. პროტოტიპები

ბრენდის სიცოცხლე რეალურ სამყაროსთან შეხებით იწყება.
პროტოტიპები გვეხმარებიან სინამდვილის პირას მივიდეთ და დავინახოთ, როგორი იქნება ბრენდის დაბადება მანამ, სანამ ის რეალურად დაიბადება. კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით, ბრენდის დიზაინ-ელემენტებს გამოვსახავთ სხვადასხვა სიტუაციებში (მაგ: შეფუთვა, გარეკანი, ფასადი, უნიფორმა) და წინასწარ ვიხილავთ გაცოცხლებულ ბრენდს.

12. წამყვანი ვიზუალი

წამყვანი ვიზუალი (სარეკლამო ინდუსტრიაში ცნობილი, როგორც KeyVisual), არის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც ერთი კომპოზიციით მოგვითხრობს ბრენდის შესახებ. პრაქტიკულად, ის იდენტობის დიზაინში ასრულებს იმავე როლს, რასაც ბრენდის ნარატივი — სტრატეგიაში.

04. შეჯამება

13. ბრენდის სახელმძღვანელო

ჩვენ არ გვჭირდება მორიგი სქელი მაკულატურა ბიზნეს-გეგმის სახით, რომელსაც თაროზე დადებთ და პროექტის დასრულების შემდეგ აღარასდროს გადაშლით. მსგავსი გეგმები ქმნიან ისეთი ფაქტორების კონტროლის ილუზიას, რომლის მართვაც, სინამდვილეში, არ შეგვიძლია. ჩემთან შექმნილ ბრენდის სახელმძღვანელოში (ბრენდბუქში) თავმოყრილია როგორც სტრატეგიული ინფორმაცია, ასევე იდენტობის დიზაინის ელემენტები. ის გვაძლევს მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც რელევანტური იქნება მომავალშიც და გიტოვებთ სივრცეს იმპროვიზაციისთვის.

14. კითხვები და პასუხები

პროექტის დასრულებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. დიდი შანსია, რომ სამუშაო პროცესის განმავლობაში გაგიჩნდეთ კითხვები, რომლებიც მანამდე არ გქონიათ. სწორედ ამისთვის დასკვნითი მოდულის შემადგენელი ნაწილია კითხვა-პასუხის სესია. მასში ვეცდებით, გავაქროთ პროექტთან დაკავშირებული ყველა კითხვის ნიშანი.

15. პროექტის ჩაბარება

„გამეორება ცოდნის დედაა.“ — პროექტის ჩაბარების სესიაზე ვიხსენებთ და ვაჯამებთ ბრენდინგის მთელი პროცესის განმავლობაში განვლილ გზას. ამ საფეხურზე ხდება იმ ყველაფრის გადაცემა, რაც პროექტის ფარგლებში შეიქმნა: როგორც სტრატეგიული მასალა, ასევე დიზაინი და ბრენდის სახელმძღვანელო.

16. პროექტის გაშვება

მთელი პროცესის ფარგლებში, პროექტის გაშვება ჩემთვის ყველაზე საამაყო, ემოციური და გულისამაჩუყებელი საფეხურია. ასე რომ, უკომენტაროდ =)

მზად ხართ სასაუბროდ?

თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, ან უკვე მზად ხართ პროექტის შესაკვეთად, ჩანიშნეთ უფასო კონსულტაცია.